უკანასკნელი ჩანაწერი თვითმკვლელობის წინ.........ნენე გიორგაძე
35, Tbilisi, Georgia

ო, ბაბელ, ბაბელ, შენი თხელი კაბის შრიალი ჩემს ოთახში... მას შემოჰქონდა რბილი სურნელი ქალის თეძოების, რომლებიც კაბის თხელი ქსოვილის მიღმა მკრთალად იკვეთებოდნენ. ჩემს ბნელ და ყრუ ოთახში შემოდიოდა ოხშივარი ვნებისა და რომანტიკის, ისე ჰარმონიულად და მსუბუქად შეზავებული, როგორც შენი კაბის თხელი ქსოვილი... ჩემი ავადმყოფი წარმოსახვა ისრუტავდა შენთან ერთად შემოსულ სინათლეს, რომელშიც გაზაფხულის სუნთქვა იგრძნობოდა. შენ იყავი მიწიერ სიამეთა ხორცშესხმული ხატი კეთილი... მე კი, მე ჩემს ბნელ ოთახში აღმოვაჩინე კუნძული, რომელზეც არავის ჰქონდა ფეხის შემოდგმის უფლება შენს გარდა... ჰმ, ისე ჟღერს, თითქოს ჩემთან სტუმრობის სურვილით იწვოდნენ... მას შემდეგ, რაც ჩემს ოთახში შეკრებილებმა ჩემი ფსიქიატრიულში გასტუმრება გადაწყვიტეს, აღარავის ვახსენდები. თვითონ არიან სამკურნალონი! აღარაფერი უმღვრევთ სულს, დაეფლითათ ნაზი გრძნობები, დაკარგვიათ ბავშვობა, დადიან გაბღენძილები და მათი მზერა სიძულვილითაა სავსე! მერე რა, რომ ხელი მიკანკალებს, ბნედა მემართება და უზომოდ ბევრს ვეწევი... “როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერება”... რა არის "ნორმა"?! ო, ბაბელ, შენ ერთადერთი ხარ ამ ხროვაში, რომელიც არ განმიკითხავ, არ განმსჯი, შესწორებები არ შემოგაქვს ჩემს ყოფაში, მხოლოდ სხივები, რომლებიც ცვივა შენი მზერიდან, შენი ღიმილიდან, შენი თეძოების მსუბუქი რხევიდან... სწორედ შენ მაგრძნობინებ, რომ ჯერ კიდევ სისხლი მოძრაობს ჩემს ძარღვებში და არა მხოლოდ მარტოობა... ო, ბაბელ, ბაბელ, შენი თხელი კაბის შრიალი ჩემს ბნელ ოთახში... ჩემს არეულ, გაოფლილ თეთრეულზე შენი სინი ყავის ოხშივარით, ცხელი ყავის სურნელი შენს კაბის სურნელთან შეზავებული... თვალებს დავხუჭავ, რომ უფრო ცხადად წარმოგიდგინო, ღრმად შევისუნთქავ, ღრმად, ღრმად და ნიკოტინის უკანასკნელ ამონაბოლქვს ტკბილი მურაბასავით შეეწებები... ჩემს სიზმრებში აღმოსავლურ ცეკვას ასრულებ, გამჭვირვალე ქსოვილი ფარავს შენს მოქნილ თეძოებს, შენი მკერდიდან იღვრება ლეღვის ტკბილი მურაბა, შენი მკერდი ლეღვებია, რომელთაც ენას ავუსვამ და ძუძუსთავები ჩადნებიან ჩემს პირის ღრუში...

p.s. როგორც შემდგომ, გარდაცვლილის ახლობლებმა და ნათესავებსმა დაადასტურეს, არავითარი ბაბელი არ არსებობდა. გვამი იპოვეს სრულიად შიშველი.

1 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes