დედის ლოცვა
35, Tbilisi, Georgia

დედის ლოცვა ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია. ის თავის თავს მთალიანად მათ უძღვნის, მხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქრობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება. დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება - იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები წმიდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება. დედა წუხს შვილების ცუდ საქციელსა, ცრემლებს ღვრის, მაგრამ ზურგს არ აქცევს მათ. „უგუნური შვილი დედის სევდაა“ - ამბობს სოლომონ ბრძენი. რა ბევრია ამით ნათქვამი! შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანი გაიზარდოს. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მისთვის უფრო მძიმე, ვიდრე იმის ყურება, თუ როგორ იღუპება სულიერად ცოდვებსა და მანკიერებებში მისი შვილი. დედა ტირის შვილის სულიერი სიკვდილის გამო და გულმდუღარედ შესთხოვს უფალს დააბრუნოს იგი ჭეშმარიტების გზაზე, შეუნდოს ცოდვები და სისუსტეები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცრემლენი და ლოცვა ამაოდ არ ჩაივლის. მხოლოდ ერთადერთს, დედას შეუძლია იცხოვროს შვილების ცხოვრებით, პასუხობდეს მათი გულის ყოველ მოძრაობას, რადგან ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად ახლობელი არსება, ვიდრე დედა. ეს ბუნებრივიც არის. შვილი დედის გულის ქვეშ ჩაისახება და დიდხანს ცხოვრობს მასთან ერთად ორგანულად. არავის ეგონოს, რომ ეს ერთობლივი ცხოვრება წყდება შვილისაგან დედის გამოყოფის, ან თუნდაც შვილის ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ. განა შეიძლება ამის შემდეგ დედის გულმა ვერ იგრძნოს შვილის სულიერი თუ ფიზიკური გასაჭირი, ან არ გამოეხმაუროს მის სიხარულს?! მისი ბედნიერება ხომ შვილის ბედნიერებაზეა დამოკიდებული. არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა - უფრო კეთილისმოქმედი და ცრემლები - უფრო მისავალი შემოქმედთან, ვიდრე - დედისა.

7 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes