ჩემი ქალაქის მეეზოვე...
35, Tbilisi, Georgia

მურთაზ(ი)ს ხომ იცნობთ? თუ არ იცნობთ გეტყვით - ერთ-ერთია იმ არაჩვეულებრივი ადამიანებიდან, რომლებთანაც შეხება მაქვს. სოლოლაკში იგირავა ბინა ახლახანს. რა თქმა უნდა ახალმოსახლეობა აღვნიშნეთ.

სამწვადე მაყალზე დააწყვეს ბიჭებმა, მე და მურთაზი პურზე გამოვედით.

-სიონის თონეში ხარ ნამყოფი? - მკითხა თბილისურკილოდაკრული მეგრული კილოთი.

-არა

-არ გრცხვენია ბიჯო?

მიწისქვეშ ჩასასვლელს მივადექით, ორჯერ მოვუხვიეთ ქვემოთ ჩამავალ კიბეზე და დიდი დარბაზი გამოჩნდა,

აგურით ნაშენი, ულამაზესი თაღებითა და კედლებით. ჩვენსა და დარბაზს შორის მდგარ დახლთან გავჩერდით. თონეებში, როგორც წესი, ცხელა, მაგრამ მაშინ სიცხე ნამდვილად არ მიგრძვნია. ჯერ გარემო მომეწონა ძალიან და საოცარი სიზუსტითა და ოსტატობით ამოყვანილი კედლების თვალიერებას, რომ მოვრჩი, ზორბა, ფქვილში ამოგანგლული მეპურეც შევამჩნიე.

-გამარჯობა, ათი პური გვინდა.

სალამზე თავის დაკვრით გვიპასუხა, შეტრიალდა და თაროდან დაბრაწული პურების აკრეფა დაიწყო. ეტყობოდა ჯერ ისევ ცხელი იყო შოთები.

-გაზეთი გექნება რამე და გვათხოვე რა კაცურად - სთხოვა მურთაზმა.

-გაათხოვებ მარა როის მომიტან ? - დინჯი, რაჭ(ვ)ული კილოთი მოგვიგო მეპურემ და გაეღიმა.

ჩვენც გაგვეცინა. ხაბაზმა დახლს ქვემოდან ორი ცალი გაზეთის ფურცელი ამოაძვრინა, ხუთი პური ერთ ცალზე დადო, ხუთი - მეორეზე.

-მადლობა და ნახვამდის, გაზეთს აუცილებლად მოგიტან - უთხრა მურთაზმა.

-იიცოცხლეთ, აბა შენ იცი - მიიღო პასუხად.

მწვადი შემწვარი იყო უკვე ჩვენ, რომ მივედით. კარგად მოვულხინეთ იმ საღამოს. თერთმეტი იყო დაწყებული, რომ ავიშალეთ. რაღაცატომ სხვებს უფრო მოეკიდათ ღვინო (იმ სუფრის რომელიმე წევრი თუ წაიკითხავს ამ ჩანაწერს, იტყვის - "შენ ნახევარს არ სვამდი და რა მოგეკიდებოდაო", მაგრამ მაინც), ამიტომ ჩავსვი ტაქსში ყველა (გადახდით ვერ გადავუხადე - არ ვმუშაობდი მაშინ) და მარტო დავრჩი ქუჩაში.გაზაფხულის საღამოს სიგრილე მესიამოვნა, თან სახლში წასვლაც არ მინდოდა და უმიზნოდ დავადექი ქუჩას.

უცბად სიონის თონე გამახსენდა.

-"შიმშილით არ მშია, რა მოვიკითხო, რომ მივალ? გზაში რამეს მოვიფიქრებ"

რაჭველი მეპურე დარბაზის ბოლოში ტელევიზორს უყურებდა, დახლთან შუახნის, სასიამოვნო შესახედაობის ქალი იდგა.

-გამარჯობა ქალბატონო, ლობიანი მინდა ერთი ცალი.

-გამარჯობა შვილო, მაგრამ რომ აღარ გვაქვს აღარაფერი ?! ვკეტავთ უკვე და.. - აშკარად ძალიან შეწუხდა.

-მაგრამ მოიცა მოიცა -მაგიდისკენ შეტრიალდა და ცელოფნის პარკიდან ლობიანი ამოიღო. იქვე ხელჩანთაც იდო, აშკარად სახლში წასაღებად უნდოდა ლობიანები.

-არა რას ამბობთ ქალბატონო - ვიუარე

-აიღე შვილო აიღე, კიდევ მაქვს ერთი ცალი- გამიღიმა თბილი, დედაშვილური ღიმილით.

-არა ქალბატონო, აქვე გვერდზე ვიყიდი, თღანაც არც ისე ძალიან მშია, უბრალოდ... - აღარ დავამთავრე სათქმელი.

-კარგი შვილო.

-ნახვამდის.

-ნახვამდის გენაცვალე.

არის მომენტები, როდესაც წიგნში წაკითხულ თუ ფილმში ნანახ თბილ, ქართულ, გემრიელ, თბილისურ გარემოსა და სიტუაციებს რეალობაში ხვდები. მადლობა ღმერთო იმ საღამოსათვის!

ცუდი ერთია (თუმცა "ცუდი" ცოტა უხეში ნათქვამია)- ნუ მოვიმიზეზებთ ლობიანის ყიდვას მაშინ, როცა ერთმანეთთან ურთიერთობა ან ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვა გვინდა.

თუ ლანძღვისა და შეურაცხყოფისათვის არც ენერგიას და არც ენას ვზოგავთ, ნუთუ ასე ძნელია ვთქვათ "მეგობარო, მე შენთან ერთი ჭიქა ღვინის დალევა მინდა", ანდა "ქალბატონო, ძალიან მაგონებთ დედაჩემს"...

თბილისი ულამაზესი ქალაქია, უბრალოდ ცოტა მისალაგებელი...


12 views
 
Comments
ხატია 17.05.2012

ლამაზია ლამაზია და დამაფიქრებელი,გიყვარდეთ,კაცნო,ერთმანეთიო,დიდმა ვაჟამ თქვა

Blog
Blogs are being updated every 5 minutes