ვიპოვე :) შემინახავს
35, Tbilisi, Georgia

2005 წელი. 20 აგვისტო (ფშავი)



ზიხარ შენთვის ბნელ ოთახში. გარეთ დღეა... შენ კი მაინც ჩამობნელებულ ოთახში ზიხარ.ასე უფრო დაალაგებ მოზღვავებულ მელანქოლია... მხოლოდ შენ გეკუთვნის ეს სიბნელე, რომლის სიმყუდროვესაც კალიდორის მხრიდან ოდნავ შემოხსნილი კარებიდან ცალი თვალით შემოჭყეტილი წითლად გაკრასკულ ფიცრებზე არეკლილი სინათლე ძლივს არღვევს. ეს ოთახი უცხოა შენთვის, უცხოა საწოლიც, რომელზეც ზიხარ... არ უცხოობ, პირიქით თითქოს შენი ნაწილიც კია. გარეთ შხაპუნა წვიმის წვეთებში შედგვეფილი ქარის ზუზუნი, აქოჩრილი მაღაროულას თქაფუნი ისე ერწყმის ერთმანეთს, როგორც შენ ეხლა ეს ოთახი...

"მადა ჭამაში მოდისო". თევზის ჭერასაც სცოდნია მადა.გააწყობ ანკესს, ისვრი შავი არაგვის აჯაგრულ ფაფარში და ლოდზე ჩამოჯდები. პაპასაც უყვარდა თევზაობო... ხან კვირობის მანძილზე თევზაობდა ალაზნის ნაპირებზე დიდი ლოქოს მოლოდინში. ეს კი ზოგჯერ დიდხანს უწევდა... ცოტაც, ცოტაც და... იტყოდა ხოლმეო და ანკესს უფრო შორს გადაისვრიდა. მართლაც ბევრი თევზი მოქონდა იმ დალოცვილსო, სულ ერთიმეორეზე უკეთესები. ეჰ, შენ ვინ მოგცა მაგის ბედი, თორე სიყვარულით იცოცხლე... აპირებ ანკესი ამოიღო... "სადაც არ სჯობს, გაცლა სჯობს". ამოსწევ კიდეც. ჰაერში ორაგული ვერცხლისფრად შეიპარპალებს. დაუჯერებელია, ნალოდინზე დიდია... ახლა როგორ იამაყებდა შენით... წასვლას გადაიფიქრებ და კიდევ ერთხელ ისვრი ანკესს.პაპას თევზი არ უყვარდაო. თავისი ხელით შეწვავდა ლოქოს დიდ–დიდ ნაჭრებს, მაგრამ პირს არ დააკარებდაო... ხუთი წელი იქნება ალბად თევზისთვის ფხა არ გამოგიცლია. ჯერა იცოცხლე... ბედი არ გაქვს თორე აქამდე... ისიც ალბად შემთხვევითობის ბრალი იყო. მერე კიდევ მურწა... მადა იღვიძებს... ამინდი ფუჭდება თორე არაგვში თევზს რა გამოლევს.

ოთახიდან სინათლე შეუმჩნევლად აიკრიფა. წვიმამაც გადაიღო თითქოს. დათვის ტყავგადაფარებულ ფანჯრის რაფაზე მილეულ სანთელს ანთებ. ოთახი თითქოს დაპატარავდა, თუმცა სინათლე საწოლამდე მაინც ვერ აღწევს. რაფასთან ინაცვლებ.

საცალფეხო ბილიკზე დგახარ... დგახარ და გაჰყურებ მთის კალთებზე შეფენილ სიმწვანეს. ქარი ხიდს აკვანივით ანარნარებს ჰაერში... შენს ფეხებთან ტალახიანი არაგვი მოიზვირთავს ტალღებს... ქარი გაშლილ თამში გიძვრება, გიჩეჩავს მოურიდებლად... შენი თავი ამ ბუნების ნაწილი გგონი, აი, იმ ხესავით შენს წინ, რომ აუშოლტია თავისი დაძარღვული ტოტები... მასაც შენსავით უწეწავს ქარი ქოჩორს. ხელებს შლი... თითქოს გაფრენას ლამობ... თითქოს ელოდები, როდის ამოვარდება ქარიშხალი, როდის მოგლეჯავს საცალფეხო ხიდს და აგიტაცებს ჰაერში... შენი ოცნების ასასრულებლად... გადაგატარებს მთებს და მართლაც მის განუშორებელ ნაწილად გაქცევს...

სანთელი მიილია... ჩამოიღვენთა შანდლის უბეში. ალი დაუცხრომლად აპარპალდა, თითქოს თავი ენანებაო... ახლა ბოლო ღვარიც ჩაინთქმება და ოთახში უკუნი სიბნელე შემოაღამებს...
"მაღაროსკარი"




ALL BY IFFY

27 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes