tekuna851's blog

tekuna851
35, Tbilisi, Georgia

შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,

ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .

ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები

ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.


ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -

ნიავი მოირგებს ქილიკით:

შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..

წყარომდე მოკლდება ბილიკი...


შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,

ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;

ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,

გაღმა დაქარდება, ქალივით.


ცოტაც და...იწინთებს ქალწული ყაყაჩო...

გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,

და ვიდრე...და ვიდრე... იყუჩე,

მკლავებში მარწიე ტივივით!..


ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაში

სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..

ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში

და ხვალაც წითელა გადამდე...


მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,

ნიავმაც მოგართვა კაბა და...

წითელბატონები წყრებიან შინდებზე:

წადითო, გეყოთო ლამბადა!..



როცა მიმტკიცებენ: ბალახი მწვანეა!
ყინული - ცივია!
პლატონი - ბრძენია,
კაცი დაბადებით პატიოსანია, -
პირდაღებული ვარ...
და...
მრცხვენია...


...ის კი, _ იყო. სამოთხე ედემისა აღმოსავალით და უწინდებურად შრიალებდა ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად... და ისევ ისე გატევრილიყო შეუღწეველ იდუმალებად ხე საბედისწერო, _ შორი უკვე, დაკარგული, _ და იცავდა მას ქერობინი და მახვილი მოტყინარე.
იყო, იყო ისევ ქვეყანა გულუხვი, ბიბინა და სიყვარულით თბილი, და კვლავ იტოტებოდა მის მოსარწყავად დიდი წყალი ოთხ მდინარედ და უფლის მზერა იყო მზე და აბრწყინებდა ოქრო-ანთრაკით და ქვა კაპოეტით დანაწვიმ მიწას...
_ ლუკა!!! ღმერთო... ლუკა!!!
_ ...
_ საყვარელო!!! თვალები გაახილე!!!
_ ...
_ ღმერთო! წყალი! სადაა! აი... აჰა! მოსვი... მოსვი!
_ ანნა?..
_ როგორ შემაშინე! ლუკა... როგორ შემაშინე...
_ უდროო დროს დაბრუნდი... ანნა...
_ ისე მოვრბოდი... ისე გიჟივით! ყველაფერი დამებნა გზაში... ლუკა!…



08.04.2011

დღეები გულთეთრა მერცხლებად მიქრიან,

მტოვებენ მერცხლები...

ვიღაცა ხელიდან მეცლება,

ვიღაცას ხელიდან ვეცლები...

უმწარეს სიმართლეს ვეჩვევი,

ძნელია ამ აზრთან შეჩვევა,

ბოლომდე არავის შევრჩები!

ბოლომდე არავინ შემრჩება!....



გალაქტიონი:
“აღნიშნე დრო, დრო აღნიშნე შენს მიერ ნაწერ ფურცლებზე. ნუ დასტოვებ მათ უთვისტომოდ, დროის, ეპოქის და სივრცის გარეშე. რასაკვირველია, ყოველი შენი ნაწარმოების სტრიქონებში ღრმად ჩაქსოვილია ეპოქები, ეპოქა წამებისაც, ეპოქა ახალი ცხოვრების მოპოვების, ძველის ნგრევის, ეპოქა გარდატეხის... დრო, ულმობელი, დღევანდელ თაობას ერთ დროს წაგვშლის. როგორც შემოდგომის ფურცელი, შენც მიგფარავს სამუდამოთ და დარჩება მუდამ ცოცხალი შენი ლექსები, პოემები, შენი სურათი აქარგული ეპოქებით, მაგრამ წამებს, საათებს შენი განცდისას ვინ დაითვლის მაშინ, ვინ აკინძავს? არავინ? მე არ მინდა, წამიც, წამიც შენი ნააზრის, ნაგრძნობის დაიკარგოს. მეშინია. აღნიშნე დრო. დრო აღნიშნე.”


ო, ბაბელ, ბაბელ, შენი თხელი კაბის შრიალი ჩემს ოთახში... მას შემოჰქონდა რბილი სურნელი ქალის თეძოების, რომლებიც კაბის თხელი ქსოვილის მიღმა მკრთალად იკვეთებოდნენ. ჩემს ბნელ და ყრუ ოთახში შემოდიოდა ოხშივარი ვნებისა და რომანტიკის, ისე ჰარმონიულად და მსუბუქად შეზავებული, როგორც შენი კაბის თხელი ქსოვილი... ჩემი ავადმყოფი წარმოსახვა ისრუტავდა შენთან ერთად შემოსულ სინათლეს, რომელშიც გაზაფხულის სუნთქვა იგრძნობოდა. შენ იყავი მიწიერ სიამეთა ხორცშესხმული ხატი კეთილი... მე კი, მე ჩემს ბნელ ოთახში აღმოვაჩინე კუნძული, რომელზეც არავის ჰქონდა ფეხის შემოდგმის უფლება შენს გარდა... ჰმ, ისე ჟღერს, თითქოს ჩემთან სტუმრობის სურვილით იწვოდნენ... მას შემდეგ, რაც ჩემს ოთახში შეკრებილებმა ჩემი ფსიქიატრიულში გასტუმრება გადაწყვიტეს, აღარავის ვახსენდები. თვითონ არიან სამკურნალონი!…


06.06.2011



Blog
Blogs are being updated every 5 minutes