mai-ni's blog

mai-ni
48, Tbilisi, Georgia


ისევ უშენობა მოვიმტერე,-
შენი თმენა მაინც დამაბედა
და ეს
ათასობით კილომეტრი
...და ეს
სიგრძედები,განედები,
მოჰგავს გზააბურდულ ლაბირინთებს,
(სადღაც კვალიც წყდება ორიოდე,-
სხვებს სულ ეშინოდათ გადაჩეხვის...)
მე კი
უფქსკრულებით მოვდიოდი,
მე ხომ
ქარიშხლებით მოვდიოდი,
წლებთან არეული სიშორიდან,
მერე
გიპოვე და
შენს თვალებში
ლექსის ჩუმი სუნთქვით შემოვედი.
ახლა თბილ ხელებზე ეგ ვენები,
ჩემზე ფიქრგადგმული ფესვებია,
ტანში მონატრებად დაგიყვები,
ღამეს გიტეხავ და
ვერ მისვენებ.
რადგან შენში უკვე იმდენად ვარ,
ღრიჭოც დაიგმანა ბოლო კარის,
ფეხი აგერიო-
მომიკვეთე,
ხელი გაცდუნებდე-
მომიკვეთე,
თვალი გაცდუნებდე-
ამომიღე,
გული გაგიცივდე-
მომიკალი...

ისევ უშენობას ვემონები,
თუმცა შენი თმენა დამაბედა...

 



მეცხრე თვეა ვცოცხლობ,
ვსუნთქავ,
მესმის,
ვხედავ,
ჯერ არ დამდგარ დღეებს საფეთქლები უცემთ,
შენ კი - დგახარ მშვიდი,
მომავალი დედა,
ჩემი ცოლი,
ჩემი,
გამობურცულ მუცელს
ეფერები როგორც,
როგორც რავი,
რა ვთქვა,
ღვთის-მშობელის ხატი ჩვენი სახლის კედელს,
თქვენთვის ვარ და თქვენით,
მაინც მინდა დავთქვა,
შენს წინაშე,
შენს წინ,
მიმიღე და მენდე,
რომ თქვენ გიტრიალებთ,
სადაც უნდა ვიყო,
თქვენს სიკეთეს ფიქრობს
ჩემი ყველა ფიქრი,
სისხლი მაქვს და გისხამთ,
ჰაერი და - გიყოფთ,
თუ გადავდგე გზიდან -
გადავვარდე იქვე.
მეტი -
ჩემო,
ღმერთი
ჩვენთანაა მარად,
მთავარია,
შევძლო,
გადავიდე წყალზე -
ვიყო კარგი ქმარი,
ვიყო კარგი მამა,
მიყვარდეთ და მწამდეთ -
ამგვარად და ასე.

 


შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი.
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყავა – დილის სინონიმია.
სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.
სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.
დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ.
სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები.
მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის.
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება.
ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში…


06.02.2011

თქვენ ერთად დგახართ,
ხოლო როდესაც მე მოვდივარ,
ჩვენ ვდგავართ მერე.
მე მივდივარ და ისევ თქვენ რჩებით.

თქვენ, რამდენიც არ უნდა იყოთ
მე თუ მოვედი
თქვენ ვეღარ დგახართ
მერე ჩვენ ვდგებით.

და უფრო მეტიც, როდესაც დგანან ხოლმე ისინი
მე მათთან მივდივარ,
და მაინც ჩვენ ვდგავართ.

ასე თანდათან ვაცნობიერებ
ჩემს ზებუნებრივ შესაძლებლობებს.

და რა საოცარია,
როდესაც ის იღიმის
მე კი შემიძლია მივიდე მასთან და
გამოვიყვანო,
რომ ჩვენგან ერთ-ერთი იღიმის.

განწყობებს ასე თავად ვირჩევ
ჩვენ ხომ, ასეთი გადამდებია.

უცნაურია რომ მე ჩვენ შემიძლია.
და შემიძლია, ეს მარტივად და
ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
 


05.02.2011

გადავიხლართეთ –
სად ვმთავრდები მე და სად იწყები შენ
ეს შენი ხელებია თუ მე გეხვევი
ეს ჩემი გულია თუ შენ ფეთქავ
ეს მე მაქვს შენი სუნი თუ შენ ჩემი
მე უფრო მეტკინა თუ შენ უფრო მიხვდი
ეს ჩემი ჰაერია თუ შენ მსუნთქავ
ეს ჩემი ტუჩებია თუ შენ მკოცნი –
სად ვმთავრდები მე და სად იწყება
შენი მზერა –
რომელმაც იცის რა ფერი ვარ
და ღამ-ღამობით
ლაქებს აშორებს ჩემს დაღლილ სხეულს
რომელმაც იცის რამდენი ვარ
და მაინც მყოფნის
რომ ახლომხედველს გამიმკვეთროს სილუეტები
რომელმაც იცის რომ გავამხელ
და მაინც მხედავს
და შორიდანვე ამირეკლავს თავის წიაღში
და მე ვბრუნდები ყოველ ჯერზე
და ყოველ…


მიყვარხარ...
ოთახში მე, ვიღაც და კიდევ რადიო...
კედელზე მუსიკის შიშველი არითმია, არ ვიცი კიაფობს?
თუ?
მიამბობს...

რომ ღამეა.
უთვალებოდ ვღლი, მე ყრუ არეას.

შეგრძნებებს ვხატავ ხელისგულებზე...

მანძილის.

უკვე ძალიან, ძალიან შხრიალებს ბებერი რადიო...

ოთხია...

ამინდის.

მე შემოდგომას მივეტმასნე ფანჯრის მინასთან...
მიყვარხარ...

დათო ქაშიაშვილი
 


ქარით მივაბი რეალობა შიშველ ხეებზე,
ილუზიურად მოგაშორე ყოველთვის ნაღდი...
მოვალ...
ჩავიცვამ გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე...
და...
ტკივილს გაგხდი...
დღეს
ყველა ჩემს გზას შენს კარებზე უნდა მოდგომა...
ვხედავ ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები...
სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა,
როცა მოვკვდები.

ნიკა ჩერქეზიშვილი
 



გათხოვებ თვალებს - რათა დამინახო,
გაჩუქებ წამებს - რომლებიც მოგპარე,
ავაგებ სახლს - იქ სადაც თოვლია მუდამ,
წაგიყვან და დაგტოვებ სამუდამოდ.

სახლი - ტერიტორია ოთახებით,
ოთახი - ადგილი საწოლისთვის,
საწოლი - ზოგისთვის ერთადერთი ადგილი "ამისათვის"
"ეს" - ....

ოთახები მყუდროა და ნესტიანი

კიბე - ოცი საფეხური
(ამდენი ნაბიჯი შენამდე)
ჰოლი - მეტრი ხუთიოდე
(ისევ ვერ გავთვალე მანძილი)
კარები - ეს აღარ ითვლება დაბრკოლებად
ლოგინი - შენ გძინავს...
ვბრუნდები, გავდივარ.
 


05.02.2011


ღეროს,
რომელზეც ავიყარე,
უჭკნება ფესვი.
კვირტებს საკენკად დავუყარე
მუჭა იმედი.

თუ გავუძელით
და ამ ქარმაც გადაიარა,
პირობას გაძლევ,
ცალ მერცხლითაც
შევძლებ გაზაფხულს.
  


05.02.2011

ტაატით...ღელვით...
ტაატით...ღელვით...
ზევით და ქვევით..
ზევით და ქვევით...
ძაღლების ქელვით,
ვხედავ ქარავანს
მარაოს ქნევით...
უკიდეგანო ქვიშების თელვით.
ტაატით ნელით..
ტაატით ნელით...
ჩილიმის ბოლით
ზურნით და დოლით
გვიახლოვდება უდაბნოს ველი
და როგორც გველი,
მოცოცავს ბებერ აქლემთა ჯაჭვი
ტაატით ნელით...
ჩადრების ფრენით
შემოგაწვება ოფლიან ტანზე
სიფიცხე წრფელი...
სულში გაგიწრთობს ყველა ვნებას
ასული ცხელი,
მზერას მოგარტყავს,
როგორც მათრახს
გარუჯულ ხელით
და სულის ბერვით
მზით გახვითქულს დაიცხრობს გულ-მკერდს,
თანაც ირიბად მთაქვიშების ჰორიზონტს უმზერს..
თვალებს მიაპყრობს,
არ აშორებს უდაბნოს უმ მზეს
და ელოდება დაღამებას....
მიგიწვევს კარვად...
გაჩვენებს თეძოს გაუხედნავს,
ძუძუებს ქარვად...
გაგასილაქებს ნაწნავებით და ლოშნით დაგღლის,
აქლემის ქონით დაგიზილავს კუნთებს და ძარღვებს
და თავის ნაცვლად მოგათხოვებს უდაბურ ღამეს...
გაღვიძებისას მრავალ ჩადრში დაუწყებ ძებნას
ნაცნობ არომატს,
დაუვიწყარ სხეულთა ხვევნას
და ვერ იპოვნი,
რადგან ქვიშა აგივსებს თვალებს,
დაწყევლი მასთან გატარებულ სიზმარულ ღამეს
ტაატით ნელით...
ზევით და ქვევით...
არ გათავდება ქარავნის გზები,
თრიაქის ყლაპვა,
ქვიშები,
ზღვები,
აღემართება ტალღების ჯერი
და დაფეთდება ცა-ოქროსფერი...
მოვა ზმანება
დაბინდული ფიქრების წელვით,
რასაც დააცხრობს ბებრუხანა
სიმღერით…


Blog
Blogs are being updated every 5 minutes