mai-ni's blog

mai-ni
48, Tbilisi, Georgia

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა:-როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ-
საქართველოში........
. . .
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.





შოთა ნიშნიანიძე
 


01.02.2011

ღმერთმა არა ჰქნას,
აქ ზამთარი აღარ მოვიდეს
და პირველ თოვლზე,
მეფეხურის გაბედულებით,
დეკემბრის ბოლოს,
ციდან მადლის ფიფქად თოვის დღეს,
სულს არ დააჩნდეს ჩვილი უფლის ნაფეხურები...
ღმერთმა არა ჰქნას,
მარტიც მისხლით ცოდვებს წონიდეს,
არ დაგვიბედოს სააპრილო მზე და განწყობა,
ჩვენს ნაზამთრალ და ნამარხულევ სულებს ოდითვე
და მონეტარეთ არ ეღირსოთ უფლის აღდგომა.

ღმერთმა არა ჰქნას, ასე წვიმდეს გიორგობისთვე,
ღმერთმა არა ჰქნას, ქრისტეშობა აღარ მოვიდეს.

სანათა
 


"შესტირა საბრალო ქალმა,
ვაი ცოლს ცუდის ყმისასა"

მუხრანის ბოლოს შეკრთა ავშანი,
სხვის გაზრდილობით ვერ დამთმო ქმარმა
და შენი ცხენის ლაგამ-ავშარა
გაითავისა უდაბნოს ქარმა.
თუმცა ამბოხი მოგდევდა მაჭრის,
მომყიოდი და არ გქონდა ნება,
გაგფიცხებოდა ტუჩები დაჭრილს
და ცახცახებდა თვალებში ვნება.
მუხრანის ბოლოს თვლემდა ურმული
სიკვდილს შეჯიბრი ჰქონდა წამებთან,
თმებს ტრამალების მოჰყვა სურნელი
და გააფთრება ქართლის ღამეთა.
ქარს გასწეწოდა ველზე ფაფარი,
ლამაზ ავაზებს მოვგავდით ჩვენც და
ნაჭრილობევში ყეფდა აფთარი
და ჩაგვყურებდა თვალებში ზეცა
და მიღიმოდა უცნაურ სევდით
მშრალი ტუჩები კოცნას ლამობდნენ
საუკუნენი მიქროდნენ გვერდით
და ჩვენს სიმღერას სხვებიც ამბობდნენ...

მუხრანის საზღვარს შეკრთა ავშანი.

მანანა ჩიტიშვილი

 


დადგა აგვისტო. ცა რიდეული

დაისიცხება ისევ დილ-დილით;

ქალაქს ედება მზე თვითეული

ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილით.


ისევე ჩქარი და უძლეველი,

ვიცი, რადა ვარ ასე ქარული,

ჯერ ყველასაგან მიუკვლეველი

აღმოვაჩინე მე სიყვარული.


ეს სიყვარული დააცხრობს გოლვას

და გაგიჟებას უფრო უარესს,

სურვილი ისევ უშენს რევოლვერს,

ცას რომ ღრუბლებმა გადაუარეს.


ღრუბლებო შავო, მზეო საპყარო,

მე აღტაცების ზღვაში შეველი,

აღმოვაჩინე მთელი სამყარო,

ქვეყნისთვის ჯერაც მიუკვლეველი.

გალაკტიონი

 


01.02.2011

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილები და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები! . .
 


01.02.2011

გესმის, არ მოვკვდები არა,
არც შენ განაცვალებ თავს,
გადავალ ქსანსა და არაგვს,
სანთლით ამოვირჩევ ქმარს.
მთელს ფშავ-ხევსურეთში ცნობილს,
სხვისგან წყენა რომ არ ახსოვს,
დავტოვებ ქალაქელ დობილთ
და დავესახლები არხოტს...

ისე გავაკვირვებ სოფელს
საჩვენო ქალ არსო-თქვას,
გავიჩენ ცხვრებსა და ძროხებს
ვისწავლი ქსოვას და რთვას...
დილაბნელს არაგვზე ჩავალ,
მოვიტან წყვილ კოკა წყალს.
ქმარს გზას დავულოცავ სავალს,
საძოვარს გავრეკავ ცხვარს...
ძროხებს გავაყოლებ ნახირს,
გავიგებ უმი რძის სუნს.
ჭრელ წინდებს დავუქსოვ ბალღებს,
არც ერთს არ დავწყვეტ გულს.

საღამოს სახინკლეს მოვზელ,
მოვწველ ძროხას და ცხვარს,
მერე სათიბიდან მოსულს,
სასთუმალს დავუგებ ქმარს,
ბუხარში მოვხარშავ ხინკალს,
ის მომთხოვს შინაურ ლუდს,
მივშლი იქვე ცეცხლის პირას,
ბავშვების სასთუმალს ხუთს...

ჩვენ დავლევთ ნახევარ ლიტრას
და არ დავნებდებით ძილს,
ის მეტყვის ორიოდ სიტყვას,
ძალინ ნაზსა და თბილს...
მე ის მეყვარება ვიცი,
არ დავემდურები ბედს,
ჩემი შეშურდება ყველას,
ყველას-შენი ცოლის მეტს...

ისე ვუერთგულებ ქმარ-შვილს,
გულს არ გავაკარებ იჭვს
და შენს…


01.02.2011

მინდა, ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს,
დაგუბებულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს...
იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს
და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს...
მიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს.
მთელი ღამე მშვიდი, წყნარი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს...
 


01.02.2011

მე არ ვწერ ლექსებს… ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესიც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი,
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს,
ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

ტიციანი
 






გავხედეთ ალგეთს, ბორკო ფერდობებს,
ქეცად შეჰყროდათ გაჭრილი ახო,
მთები ხრჩოლავდნენ ნაირფერებით,
ცხვრის ფარა იდგა კვარცხლბეკის ახლო.

ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები,
ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი,
მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა
ამოისროლა ტაძრის გუმბათი.

დავეშვით ქვევით და ბეთანიამ
ზურგი გვაქცია, ტყეს შეეფარა.
ცოდო არ გვქონდა, იცოდეს ღმერთმა,
ღობის სიწმინდეც რომ შეგვებღალა.

ხევში მდინარე შემოგვეფეთა -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.
ჩვენ მოვდიოდით აღმართზე ერთად,
რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ...

*

აქ დანდობილა გლეხი სახრეზე,
აქ შესწრებია ორშაბათ დილას.
ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე -
ჯალალედინის შემოკრულ სილას.

აქ გაუხსნია გული დედოფალს,
თმაში ჩაუწნავს ბაფთის შაირი,
აქ თავის თითით თხრიდა საფლავს
მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი.

ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი.
ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს
რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი.

აქ შეგეწირე ნეტავი, დედა,
თავი დამედო და დაგეკალი,
ალბათ ოდესმე წესს ამიგებდა
შავი ღრუბლების ცივი წინწკალი.

რომ ეთქვათ…


მიყვარს სიტყვა -ვნება
სხვა სიტყვებზე მეტად.
ვარ აზრ-პირო-ვნება
ნების და თა-ვნება
გემო-ვნება ხელზე
მეხატება მე რად?
როცა ერო-ვნებაც
მდის სიამო-ვნებად.
ჟღერ-ფერ-ადო-ვნებად
მკლავს ჰაერო-ვნება
რატომ მწირავს ასე 
ჩემი ხელო-ვნება?
დადე ცაზე ეგ მზე
მტევნებს რომ ადნება
სანამ ლუციფერი 
მე დამედე-ვნება
მიყვარს შენზე თვალის
ცით გამოდე-ვნება
არ მვნებს არაფერი
ჩემი ნების გარდა...

 
  


Blog
Blogs are being updated every 5 minutes